სერგი კაპანაძე - აშშ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ყველაზე დიდ მნიშვნელობას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ანიჭებს
სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ელოდება, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარს.
როგორც დეპუტატი აცხადებს, კითხვის ნიშნები მოხსნილია და მისთვის ცნობილია, რომ სატელეფონო საუბრის მთავარი თემა არჩევნები იყო.
„ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ განცხადებაში საუბარია, თუ რა იყო განხილვის მთავარი თემა. შეგვიძლია ვთქვათ, ყველანაირი კითხვის ნიშნები მოხსნილია – მთავარი თემა იყო არჩევნები. როგორც ჩანს, სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ელოდება, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე. ეს არის ძალიან კარგი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მოითმენს, საქართველოში ჩატარდეს გაყალბებული არჩევნები, იყოს ძალადობა ან სხვა ისეთი პრობლემები, რომლებიც წინა არჩევნების დროს ვნახეთ. ეს არის ხაზგასმა, რომ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სწორედ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას“, – განაცხადა კაპანაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა.
მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ასევე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა „კოვიდ-19“-ის პანდემია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.