სერგი კაპანაძე - დავით მათიკაშვილის განცხადება არის ვაჭრობის სტრატეგიის ნაწილი
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ გასაჩივრებების შედეგად, შესაძლოა, მონაცემები 1-2% -ით შეიცვალოს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ მათიკაშილის ეს განცხადებაც არის ვაჭრობის სტრატეგიის ნაწილი, რათა „ქართული ოცნება“ არ დარჩეს მარტო პარლამენტში, როგორც დიქტატორულ მმართველობებში.
კაპანაძემ აღნიშნა, შედეგების 1-2%-ის შეცვლა არ გამოიღებს არანაირ შედგეს, რადგან მისი თქმით, ქართველ ხალხს არ მიუცია „ქართული ოცნებისთვის“ ნდობის მანდატი.
„მათიკაშვილის ნათქვამიც არის ამ ვაჭრობის სტრატეგიის ნაწილი, როგორც ჩანს, ახლა მათ ჰგონიათ, რომ 1-2%-ის გადმოგდებით და სხვა რაღაც მუქარების საშუალებით გააჩერებენ ოპოზიციას. აქ ფუნდამენტური ამბავი უნდა გაიგოს, ეს ამბავი არის იმისა, თუ ვის მისცა ქართველმა ხალხმა ნდობის მანდატი, ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა არ მისცა „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს. 48%-დან 47%-მდე ჩამოწევით არაფერი არ იცვლება, ნდობის მანდატი არ მისცა ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე ყველა იურიდიულ საშუალებას ვიყენებთ. ყველაფერი საჩივრდება, თუმცა სრულიად ნათელია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება; არც ერთი საჩივარი პრაქტიკულად არ კმაყოფილდება, არ ხდება უბნების გადათვლა. შესაბამისად, ეს ამბავიც დამთვარდება უშედეგოდ, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა. როგორც ჩანს შემდეგი ალტერნატივა, რომელიც ჩვენ დაგვრჩება იქნება ქუჩა, იქნება პროტესტი და იმის მიუღებლობა, რაც ივანიშვილმა მოახვია თავს ქართველ ხალხს, რომ თითქოს მან მიიღო უმრავლესობა.
ამის შემდეგ უკვე, მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, დათანხმდეს მოთხოვნებს, რომლებიც არის ოპოზიციის მხრიდან, ანუ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, ან დარჩეს პარლამენტში მარტო ისე, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე დიქტატორები და სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ის მეორე გზას აირჩევს, სავარაუდოდ, ისევე დაამთავრებს, როგორც დიქტატორები ამთავრებენ ხოლმე“, – განაცხადა კაპანაძემ.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.