სერგი კაპანაძე - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძეს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრებს ხედავდა
დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძეს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია, როდესაც დენდროლოგიურ პარკში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, ან მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრებს ხედავდა, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაა.
კაპანაძის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია იმაზე, როგორ აპირებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის გზავნილები მხოლოდ ოპოზიციის კრიტიკისკენ არის მიმართული.
„ბატონი ირაკლი კობახიძე ჩვეულებრივი ორპირა გაიძვერაა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია, როდესაც დენდროლოგიურ პარკში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, ასევე, დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არც კი გაუვლია თავში, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრებს ხედავდა. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა და თქვენ თუ დააკვირდებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში არც ერთი პოზიტიური გზავნილი, არც ერთი გზავნილი იმაზე, რა უნდა ეშველოს ქვეყანას, არც ერთი გზავნილი იმაზე, რა პრობლემას გადაჭრიან, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისგან არ წამოსულა. გზავნილები არის მხოლოდ ერთი, რომ ოპოზიციამ გააფუჭა ეს, ოპოზიციამ გააკეთა ის, ოპოზიციამ გაყიდა რაღაც, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კამპანია. ამაზე პასუხს პირადად მას და ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად გასცემს ქართველი ხალხი. საზოგადოება პასუხს გასცემს იმაზე, უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ქვეყნის მართვას, მათ შორის ეპიდემიის მართვას, განსაკუთრებით უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ეკონიმიკის მართვას და ამ ყველაფერს ეწირება ადამიანების სიცოცხლე, მარტო პანდემიის გამო კი არა, მათ შორის სიღარიბის, შიმშილის და იმის გამო, რომ ადამიანები ყოველდღე კარგავენ სამსახურს. წელს მარტო 100 000 სამუშაო ადგილია დაკარგული. ეს არ არის მარტო პანდემიის დამსახურება, ეს არის მათ შორის პანდემიის ყველაზე დიდი მეგობრების – კობახიძის, ივანიშვილის და მათი მსგავსი კლოუნების დამსახურება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.