სერგი კაპანაძე - დახმარება, რომელიც წამოვა საერთაშორისო თანამეგობრობიდან, უნდა იყოს სწორად გამოყენებული
დახმარება, რომელიც წამოვა საერთაშორისო თანამეგობრობიდან, უნდა იყოს სწორად გამოყენებული, ეს თანხები დახარჯული უნდა იყოს ერთი მხრივ, ჯანდაცვის გამოწვევებთან გასამკლავებლად და მეორე მხრივ, უნდა იყოს დახარჯული სწორად, რათა ეკონომიკური კრიზისი არ გაღრმავდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
„ჩვენ გავეცანით საერთაშორისო პარტნიორების ღია წერილს და მიმართვას, სადაც საუბარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აპირებს, რომ დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარებით, რაც უნდა იყოს მიმართული კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ნაბიჯებზე, ისევე როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე ქვეყნის. ეს ძალიან მისასალმებელია, ყველას ახსოვს ალბათ ოპოზიციურმა პარტიებმა ცოტა ხნის წინ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს დახმარება ყოფილიყო გამოყოფილი საქართველოსთვის, აქვე უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ დახმარება, რომელიც წამოვა საერთაშორისო თანამეგობრობიდან უნდა იყოს სწორად გამოყენებული სწორი მიმართულებით, ეს თანხები დახარჯული უნდა იყოს ერთი მხრივ, ჯანდაცვის გამოწვევებთან გასამკლავებლად და მეორე მხრივ, უნდა იყოს დახარჯული სწორად, რათა ეკონომიკური კრიზისი არ გაღრმავდეს“, განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ დიდი ხნის წინ შესთავაზა მთავრობაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორი ეკონომიკური რეფორმები უნდა გატარდეს.
„უნდა შემცირდეს გადასახადები, უნდა მოხდეს დღგ-ს შეცვლა გაყიდვის გადასახადის, უნდა მოხდეს კომპენსაცია იმ ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, ან შეუმცირდათ შემოსავალი. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა იყოს ეს თანხა დახარჯული, რადგან თანხის გამოყოფა რაც არ უნდა კარგი იყოს, თუ ის სწორად არ დაიხარჯა, ჯამში ეკონომიკური პრობლემები ჩვენთან არ მოგვარდება. ძალიან ცუდია, რომ მთავრობა ჯერ არ გამოუქვეყნებია თავის ხედვა როგორ აპირებს, დაძლიოს ეს ეკონომიკური კრიზისი“, – განაცხადა კაპანაძემ.
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი.