სერგი კაპანაძე - ჩვენი ვალია, გვახსოვდეს და ყოველდღე ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი
სერგი კაპანაძე - ჩვენი ვალია, გვახსოვდეს და ყოველდღე ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი

ეს არის ტრაგიკული დღე ჩვენს ისტორიაში და უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა, რათა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი ყოფილიყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის წევრები კოჯორში იუნკერების მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„დღეს ჩვენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აქ მოვედით, პატივი მიგვეგო გმირებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ 1921 წელს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის, ასე ვთქვათ, დადგომის დღე, ეს არის ტრაგიკული დღე ჩვენს ისტორიაში და უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა, რათა ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო დამოუკიდებელი ჯერ კიდევ თითქმის 100 წლის წინ. ეს ბრძოლები არ იყო მხოლოდ აქ, არ იყო მარტო ტაბახმელაში, კოჯორში, ეს იყო ბრძოლები მთელ საქართველოში. მაშინდელი რუსეთის არმია გვიტევდა ბევრი მიმართულებით და საქართველოს მოქალაქეები მაშინ იცავდნენ ქვეყანას, არა მარტო კადეტები, არა მარტო იუნკერები, არამედ რეგულარული არმიაც“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი შეფასებით, ეს იყო ორი ქვეყნის ბრძოლა და სამწუხაროა, რომ ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება.

„დღესაც არის ოკუპანტი სახელმწიფო ზუსტად ისეთივე იმპერიული მისწრაფებებით, სხვა ფორმით, მაგრამ ზუსტად იგივე შინაარსით. ამიტომ ჩვენი ყველას ვალია, რომ გვახსოვდეს, ყოველდღე ჩვენს თავს ვუთხრათ, რუსეთი არის ოკუპანტი და რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენიტეტი იყოს შენარჩუნებული, მოსახლეობა იყოს დარწმუნებული, რომ აუცილებლად აღდგება ტერიტორიული მთლიანობაც და იქნება კეთილდღეობაც,  მიუხედავად ბოროტი ზრახვებისა, რომელიც რუსეთს გააჩნია ჩვენს მიმართ. ეს არის ყველა ჩვენგანის მოვალეობა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

საბჭოთა ოკუპაციის 99 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში, ადმინისტრაციულ შენობებზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სახელმწიფო დროშები დაეშვა.