სერგი კაპანაძე - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აღარ იცავს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლებამ უგნური ნაბიჯებით თავისი თავი და ქვეყანა ისეთ ჩიხურ მდგომარეობამდე მიიყვანა, საიდანაც გამოსავალი ადვილი აღარ არის.
ჟურნალისტებთან საუბარში სერგი კაპანაძე სტრასბურგში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების ლოიალური და „დამყვავებლური“ პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში განწყობებია, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევა.
„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ საკუთარი თავი ჩიხურ მდგომარეობაში თავად მიიყვანა. ახლა ან უნდა დაიცვან ქვეყნის ინტერესი, დაარღვიონ საერთაშორისო ვალდებულება და არ შემოუშვან ოკუპანტი საქართველოში, რაც ოკუპაციის კანონის დაცვა იქნება, ან არჩევანია, ბუკვალურად შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, თუმცა, უნდა დაარღვიონ ქვეყნის ეროვნული ინტერესი და კანონი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ მდგომარეობაში არ უნდა ჩაეგდოთ თავი. ნორმალური, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლება ისე იზამდა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას არ დაარღვევდა. ხელისუფლება გვყავს, რომელმაც ბოლო წლებში აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესებს აღარ იცავს. მან შემოიყვანა გავრილოვი, ბევრჯერ მოახდინა ოკუპაციის კანონის გვერდის ავლა და ახლა გამოვიდა, რომ ეს დოკუმენტი არის ფარატინა ქაღალდი. ამიტომ, თუ ხელისუფლება იცავს ოკუპაციის კანონს, გამონაკლისის დაშვება შეიძლება, მაგრამ როდესაც ხელისუფლება თავზე ახევს ყველას ოკუპაციის კანონს, ეს უკვე წესი ხდება“, – განაცხადა კაპანაძემ.