სერგი კაპანაძე - ბუბა კიკაბიძეს პატივს ვცემ, როგორც მსახიობს, მომღერალს, მაგრამ პარლამენტი უნდა იყოს ისეთი ადამიანების ადგილი, რომლებიც იღებენ კანონებს, გადაწყვეტილებებს
არ მგონია, რომ პარლამენტი არის ადგილი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც წარმატებულები არიან სპორტში, ხელოვნებაში, სიმღერაში, ან კინოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბუბა კიკაბიძის სიის პირველ ნომრად დასახელებაზე კომენტირებისას განუცხადა.
„ბატონ ბუბას მე პატივს ვცემ, როგორც მსახიობს, როგორც მომღერალს, მაგრამ ზოგადად, ეს არ ეხება მხოლოდ ბატონი ბუბას შეფასებას, არ მგონია, რომ პარლამენტი არის ადგილი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ან სპორტში არიან წარმატებულები, ან ხელოვნებაში, ან სიმღერაში, ან კინოში. პარლამენტი უნდა იყოს ისეთი ადამიანების ადგილი, რომლებიც იღებენ კანონებს, გადაწყვეტილებებს და რომლებსაც ხედვა გააჩნიათ, როგორ წაიყვანონ ქვეყანა წინ. სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველოს“ გუნდს თუ ნახავთ, შეგნებულად ვთქვით უარი ასეთი ცნობილი, საყვარელი მაგრამ მე ვიტყოდი, არა პარლამენტისთვის ვარგისი ადამიანების შეყვანაზე. ჩვენი გუნდი სწორედ ამით განსხვავდება სხვა პოლიტიკური ძალების გუნდებისგან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.