სერგი კაპანაძე - ბოლო წლებში ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ხელისუფლება ცდილობდა, შეექმნა ილუზია, თითქოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვაქვს
სერგი კაპანაძე - ბოლო წლებში ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ხელისუფლება ცდილობდა, შეექმნა ილუზია, თითქოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვაქვს

ჟენევაში რომ რუსეთია დესტრუქციული, ამაში ახალი არაფერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასრთან განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატს ალტერნატივა არ გააჩნია. „ან ჟენევაში ვიკრიბებით, ან ვზრდით შეიარაღებას და ვომობთ. ამას უხეშად ვამბობ“, – აღნიშნა კარასინმა.

სერგი კაპანაძის თქმით, რუსეთმა ამ რაუნდზეც აჩვენა თავისი დესტრუქციული ხასიათი.

„მან არ მიიღო მონაწილეობა დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვაში, არ არის კონსტრუქციულად ჩართული არც საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების განვითარების საქმეში. ოღონდ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მოსალოდნელი და ამაში ახალი არაფერია. ის, რომ რუსეთი, კარასინის სახით, ამჯერად, მორიგჯერ აჟღერებს ანტიქართულ გზავნილს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ, მორიგჯერ ცდილობს, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში. ეს ყველაფერი უკვე ბევრჯერ გაგონილი და მოსმენილია ჩვენი მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემა ბოლო წლებში ის იყო, რომ მიუხედავად ასეთ დესტრუქციული ნაბიჯებისა რუსეთის მხრიდან, ხელისუფლება არ ცდილობდა, ეს ემხილებინა ყველა დონეზე და ცდილობდა, შეექმნა ილუზია, თითქოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ამან საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა გაძლიერდა. თორემ, ჟენევაში რომ რუსეთია დესტრუქციული, ამაში ახალი არაფერია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.