სერგი კაპანაძე - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, შეაგულიანოს მომხრეები, რომ ყველაფერი არის კარგად
ბიძინა ივანიშვილი წერილით ცდილობს, შეაგულიანოს მომხრეები, რომ ყველაფერი არის კარგად, ოღონდ, არ არსებობს ისეთი საქართველო, რომელშიც ათი ადამიანიდან ექვსი მხარს უჭერს ივანიშვილს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, ივანიშვილის განცხადების გარდა, ყველა რეიტინგი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კლებულობს.
„ივანიშვილის ეს წერილი არის დაახლოებით იმ გამოსვლის მსგავსი, როდესაც 2018 წლის პირველ და მეორე ტურებში გამოვიდა და წაშლილი სახით მიმართა საზოგადოებას. ახლა უბრალოდ, როგორც ჩანს სახეს მალავს, იქიდან გამომდინარე, როგორი მძიმე მდგომარეობაც აქვს მას შექმნილი. იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველა რეიტინგი, განსხვავებით იმ განცხადებისგან, რომელიც მან გააკეთა, აჩვენებს, რომ მათი მხარდაჭერა მიდის ქვემოთ. სწორედ ამის გამოა, რომ ისეთ ნაბიჯებს დგამენ, როგორიც არის ორი პატიოსანი საჯარო მოხელის დაკავება და რაღაც საქმეების შეთითხვნა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს აჩვენებს იმას, რომ მათ ძალიან უჭირთ და ისევ და ისევ ცდილობენ, რომ ნაცად ხერხს მიმართონ; ერთის მხრივ, ისევ და ისევ აბრალებენ მსხვერპლს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ იძალადონ ოპოზიციაზე და მეორე – ცდილობენ, რომ შეაგულიანონ თავისი მომხრეები, თითქოს ყველაფერი არის კარგად და ისინი იმარჯვებენ. მესმის, რომ მათ მიმართვა და შეგულიანება სჭირდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ძალიან კარგად იციან რიცხვების კითხვა, ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად იცის. ძალიან კარგად იციან, რომ ისინი ვერ აგროვებენ საკმარის მხარდაჭერას, რათა მარტომ გააგრძელონ მართვა. ასევე, კარგად იციან, რომ არავინ არ არის მზად, მათთან კოალიციაში იყოს. ასევე, ძალიან კარგად იციან, რომ აქედან გამომდინარე, ისინი კარგავენ ხელისუფლებას. ამიტომ, ივანიშვილის ასეთი წერილი ნიშნავს იმას, რომ ისინი ამაზე დარდობენ და ძალიან სწორად დარდობენ, რადგან ეს არის მართლაც ბოლო რამდენიმე კვირა, როდესაც ივანიშვილი არის ხელისუფლებაში“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, ეკონომიკური პრობლემების ფონზე, „ივანიშვილმა მაინც თქვა, რომ ათიდან ქვსი ადამიანი მას მხარს უჭერს“.
„ივანიშვილმა თქვა, რომ ათი ადამიანიდან მას უჭერს მხარს ხუთი ან ექვსი, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის ძალიან დიდი სიღარიბე, 800 ათასი ადამიანი უმუშევარია, 800 ათასი ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, იმ პირობებში, როდესაც 80 ათასი ბავშვი შიმშილობს, იმ პირობებში, როდესაც ვალი არის გაზრდილი კატასტროფულ ნიშნულამდე, იმ პირობებში, როდესაც ლარი გაუფასურდა ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში, იმ პირობებში, როცა გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, გაძლიერებული პანდემია. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი გვეუბნება, რომ მას მაინც მხარს უჭერს ათიდან ექვსი ადამიანი, ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც მას უთქვამს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მას აქვს ტყუილების თქმის ძალიან მდიდარი ისტორია. რასაც ივანიშვილი ამბობს, არის ის, რომ მას რეალურად ეშინია. ეს ჩანს ამ წერილიდან და ცდილობს, რომ შეაგულიანოს თავისი მომხრეები, რომ ყველაფერი არის კარგად, ოღონდ არ არსებობს ისეთი საქართველო, რომელშიც ათი ადამიანიდან ექვსი მხარს უჭერს ივანიშვილს იმ ყველაფრის გამო, რაც მე ახლა ჩამოვთვალე“, – განაცხადა კაპანაძემ.