სერგი კაპანაძე - „ევროპულ საქართველოს“ კომპანია „აიპიემთან“ არანაირი კვლევა არ ჰქონია, ამაზე მეტ კომენტარს აზრი არ აქვს
სერგი კაპანაძე - „ევროპულ საქართველოს“ კომპანია „აიპიემთან“ არანაირი კვლევა არ ჰქონია, ამაზე მეტ კომენტარს აზრი არ აქვს

ბატონი კობახიძე არის მატყუარა. „ევროპულ საქართველოს“ „აიპიემთან“ არანაირი კვლევა არ ჰქონია, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია კომპანია „აიპიემისთვის“ დაკვეთილ კვლევაში მოქალაქეებს ერთ-ერთ შესაძლო პასუხად შეიარაღებული ძალის გამოყენებას სთავაზობს.

სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ თავის კვლევებში მსგავსი შინაარსის კითხვა არასდროს დაუსვამს.

„ბატონი კობახიძე არის მატყუარა. „ევროპულ საქართველოს“ კომპანია „აიპიემთან“ არანაირი კვლევა არ ჰქონია. წერტილი. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, რაც ფიზიკურად ბუნებაში არ მომხდარა. ჩვენი კვლევის შედეგები ჩვენ გუშინ გავასაჯაროეთ. იმ კვლევის მიხედვით, ასევე სხვა კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნება“ დრამატულად აგებს ამ არჩევნებს და როგორც ჩანს, ახლა მოიგონეს ნაცადი ხერხი – ოპოზიციას დააბრალონ რაღაცა შეიარაღებული ამბოხება, ძალადობა, სამოქალაქო ომი და რაღაც ბოდვები. არაფერი გამოუვათ. არანაირი შეიარაღებული ამბოხება და ძალადობა არ იქნება. ამ შაბათს ისინი ძალიან წყნარად წააგებენ ამ არჩევნებს და მორჩება ეს ისტორია ასე, ეს ტყუილები დარჩება ისტორიას, როგორც მორიგი მაჩვენებელი იმისა, როგორი საბჭოური სტილის მმართველობა უნდა ივანიშვილს.

უნდათ, ამ ტყუილებით გადაიტანონ აქცენტები სრულიად სხვა, უშინაარსო ბრალდებებზე, როგორიც არის რაღაც შეიარაღებული ამბოხება და რაღაც ბოდვები, რომელსაც, როგორც ჩანს, ბატონი ნაცვლიშვილი და ის კონსულტანტები უწერენ, რომლებიც შუშის სასახლეში ჰყავთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაუსვამს თუ არა „ევროპულ საქართველოს“ თავის კვლევებში პროტესტის ძალადობრივ ფორმებთან დაკავშირებული ან მსგავსი შინაარსის კითხვა, სერგი კაპანაძემ უპასუხა, რომ პარტიას ასეთი კითხვა არასდროს დაუსვამს.

„ევროპულ საქართველოს“ არც ერთ თავის კვლევაში მსგავსი კითხვა არასდროს დაუსვამს. ჩვენ ბევრ კვლევას ვატარებთ, ოღონდ ასეთი კვლევა ბუნებაში არ არსებობს. „აიპიემთან“ თანამშრომლობა არ გვქონია არასოდეს. ეს არის ჩვეულებრივი ურცხვი ტყუილი ბრალდება, რომელიც მოდის კობახიძის მხრიდან.

საუბარი ამ სამ დღეში, რომ რაღაც შეიარაღებული ამბოხება მზადდება, არის ჩვეულებრივი ბოდვა და ტყუილი. ამ საბჭოურ პროპაგანდაში ყველა სამთავრობო აგიტატორული მედიის მონაწილეობა არის სირცხვილი“, – განაცხადა კაპანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გახსნილი აქვს რევოლუციური შტაბი, რომელსაც ვანო მერაბიშვილი მართავს და რომლის მიზანი ძალადობის წახალისებაა. სერგი კაპანაძის შეფასებით, კობახიძის არც ერთი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

„არ მგონია, რომ კობახიძის რომელიმე განცხადება არის მართალი. ზოგადად, როგორც მე ვნახე, კობახიძე იქცა ერთ ჩვეულებრივ მატყუარად. მე ამაზე მტ განცხადებას ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, კაპანაძემ უპასუხა, რომ მმართველი გუნდი არჩევნებს აუცილებლად წააგებს და შესაბამისად, არანაირი გეგმა არ არსებობს.

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ არანაირი სხვა გეგმა არა არსებობს. რაც შეეხება, რა არის მთავარი პრობლემა, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რატომ აკეთებს ამას „ქართული ოცნება“ და საიდან უნდა ყურადღების გადატანა. ჩვენ დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან აპირებენ „ლოკდაუნს“, ანუ ქვეყნის ჩაკეტვას. მათ ვერ მოახერხეს, რომ მეორე ტალღის პრევენცია მოეხდინათ, ვერ მოემზადნენ ამისთვის. ახლა ესმით რა, რომ ამ არჩევნებს შაბათს წააგებენ და ასევე, ესმით რა, რომ იქნება ბევრი მეორე ტური, უნდათ, ორშაბათიდან ჩაკეტონ ქვეყანა და ეს გამოიყენონ, რათა ხელთ ჰქონდეთ ადმინისტრაციული რესურსის უპირატესობა და იმის, რომ ადამიანები გარეთ ვერ გავლენ. ეს მათ არ გამოუვათ. მინდა, საქართველოს მოქალქეებს ვთხოვო, არჩევნებში მონაწილეობის დროს ეს გაითვალისწინონ იმიტომ, რომ ჩაკეტილ ქვეყანას თუ მივიღებთ,  უბრალოდ თავზე ჩამოგვენგრევა ეკონომიკა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ოპოზიციამ კომპანია „აიპიემს“ დაუკვეთა კვლევა, სადაც კითხვაზე – პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ – მოქალაქეებს ერთ-ერთ ასარჩევ პასუხად შესთავაზეს – სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“.