სერგი კაპანაძე - აქტიურად გავაგრძელებთ ხელისუფლების მხილებას, ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმსაზღვრელი იქნება, თუ როგორ მორჩება საგა, რაც ნიკა მელიას ირგვლივ ტრიალებს
აქტიურად გავაგრძელებთ ამ ხელისუფლების მხილებას, ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმსაზღვრელი იქნება ის, თუ როგორ მორჩება საგა, რაც ნიკა მელიას ირგვლივ ტრიალებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, თუკი ვინმეს ვითარების განმუხტვა სურს, პარტნიორების მონაწილეობით მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს.
„ღარიბაშვილის დანიშვნა რამდენად მიუთითებს ამ გზის გამოყენების სურვილზე „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამაში არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ თუ ვინმე მაინც დარჩა „ქართულ ოცნებაში“ ვისაც ოდნავ მაინც აქვს საღი აზრი და ჭკუა მოეკითხება, იმედი მაქვს, დაინახავენ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ყველა სხვა გზა რომელსაც განიხილავენ ან ილუზია აქვთ, რომ შემოვარდებიან ძალას გამოიყენებენ, ან რაღაც დროში გაწელავენ და ა.შ. ყველა სხვა გზა უბრალოდ გააღრმავებს ამ პოლიტიკურ კრიზისს. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან არ არის ულტიმატუმი. ასე შევხედოთ ამ საკითხს. „ქართული ოცნება“ ხომ ამბობს, რომ არჩევნები ჩაატარეს დემოკრატიულად და ხალხმა მანდატი მისცათ. ამ არჩევნებში ისინი წარსდგნენ ივანიშვილისა და გახარიას სახელით. ორი მთავარი სახე იყო ეს ორივე ადამიანი. თვითონვე ამბობენ, რომ ივანიშვილი აღარ არის ჩართული პოლიტიკაში და გაიწია, მე ამის არ მჯერა, მაგრამ თავად გვარწმუნებენ. გახარია გადადგა და ამ ვითარებაში როცა ის ადამიანები, ვინც მანდატი მოიპოვეს, აღარ არიან ხელისუფლებაში და გვერდზე არიან გაწეული, წესით ხელისუფლება ხელახლა უნდა გადიოდეს არჩევნებზე. ამიტომ ჩვენგან ულტიმატუმი კი არ არის, არამედ გახარიას დღევანდელმა გადადგომამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები. ოპოზიცია აქტიურად გააგრძელებს ამ ხელისუფლების მხილებას, ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმსაზღვრელი იქნება ის, თუ როგორ მორჩება ის საგა, რაც ნიკა მელიას ირგვლივ ტრიალებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, თუ მოლაპარაკებები არ იქნება, ოპოზიციას თავის სტრატეგია აქვს შემუშავებული.
„ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციისა, გარდა რამდენიმე ვითომ ოპოზიციონერისა, ერთ აზრზეა, ერთი სამოქმედო სტრატეგია აქვს და როგორც ხედავთ, ეს სამოქმედო სტრატეგია გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მავანი და „ქართული ოცნების“ გულშემატკივრები იმედოვნებდნენ. იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მელია დაიჭიროს და როდესაც ყველა ოპოზიციურმა ძალამ მას გამოუთქვა სოლიდარობა, აქ მოვიდა მის მხარდასაჭერად, ამ ვითარებაში თუ ხელისუფლება გადაწყვეტს გამოიყენოს ძალა, შემოვიდეს აქ ოფისში, დაარბიოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, გადაუაროს ხალხს, ჩვენ აქ ვიქნებით. ჩვენ თავშეკავება გამოხატული გვაქვს და არსად შეჭრას არ ვაპირებთ. პრობლემა და დაძაბულობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ აქ ძალით შემოვიდნენ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.