სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერ ოქტაუს სკანდარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე ძალადობა გრძელდება.
სერგი კაპანაძის თქმით, გუშინ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერს ოქტაუს სკანდარავას „ქართული ოცნების“ აქტივისტები გარდაბანში ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, მისივე თქმით, პოლიციამ მას იძულებით ათქმევინა, რომ მხარს არა „ევროპული საქართველოს“, არამედ „ქართული ოცნებას“ უჭერს.
„სცემეს, შემდეგ ის წავიდა პოლიციაში. თქვა, რომ სცემეს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე ტრადიციულად, მასზე და მის ოჯახზე მუქარის შედეგად ათქმევინეს, რომ ის არის არა „ევროპული საქართველოს“, არამედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ეს ჩვეულებრივი, კლასიკური „ქართული ოცნების“ სტილია. ჯერ ძალადობა, შემდეგ ზეწოლა იმ იმედით, რომ გამოჩნდება, ეს ადამიანები აღარ უჭერენ მხარს იმ პარტიას, რის გამოც მათზე საბოლოო ჯამში იძალადეს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.