სერგი გვარჯალაძე - ღამის ხმაური ჩვენი ერთ-ერთი ძალიან სერიოზული დილემაა
ღამის ხმაური ჩვენი ერთ-ერთი ძალიან სერიოზული დილემაა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ, რადგან ერთი მხრივ, გვყავს ბიზნესი, რომელმაც რაღაცნაირად უნდა იმოქმედოს და მეორე მხრივ, გვყავს მოსახლეობა, რომელსაც ღამის ხმაური ძალიან აწუხებს, – განაცხადა დედაქალაქის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, რესტორნული ტიპის ობიექტებში ზედმეტად ხმამაღლა უკრავენ. რატომღაც გონიათ, რომ მუსიკა რაც უფრო ხმამაღალი იქნება, სტუმარს უფრო მეტად ესიამოვნება. ეს კანონითაც აკრძალულია და დარწმუნებული ვარ, არც არავის სიამოვნებს“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
მისი თქმით, ღამის ხმაურის მიმართ ძალიან პრინციპული მიდგომაა საჭირო.
„ერთი მხრივ, ობიექტებზე სამ-ოთხჯერ უნდა მივიდეთ და ვთხოვოთ, ხმა ჩავაწერინოთ, რათა გავზომოთ, როგორი დონის ხმაურია და მეორე მხრივ, ბიზნესს ალტერნატივები უნდა შევთავაზოთ. უნდა ავუხსნათ, რომ გამოსავალი არის, მაგალითად იზოლაცია. მათ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, ხმის იზოლაციის რა საშუალებები არსებობს და ა.შ.“ – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მესამე და მნიშვნელოვანი, ქალაქის სხვა უბნებში ახალი კერების შექმნაა.
„უნდა შევეცადოთ, ბიზნესს ხელი შევუწყოთ, რომ ისინი გარეუბნებში, ისეთ ადგილებში გავიდნენ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. მაგალითად, კვლევაში დავინახეთ, რომ გლდანი თბილისის ერთ-ერთი გააზრებულად გაშენებული უბანი იყო, სადაც შესაძლოა, კლუბები არა, მაგრამ გათვალისწინებული იყო რეკრეაციული და კულტურული დანიშნულების ნაგებობები. ასეთი ნაგებობები იქ არსებობს“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა კაზინოების ქალაქგარეთ გატანა, სერგი გვარჯალაძემ თქვა, რომ საერთოდ, ინტენსიური ინერვენციების მომხრე არ არის, ეს ბიზნესისთვის ძალიან რთულია და მათი გადაბარგება ამ ეტაპზე სწორი არ იქნება.
„ჩვენ ბიზნესი უნდა გავითვალისწინოთ. როცა ბიზნესზე ვსაუბრობთ, ისევ და ისევ მოქალაქეებზე ვსაუბრობთ, რადგან საკმაოდ სერიოზული თანხები ისევ და ისევ ბიუჯეტში შემოდის. გარდა ამისა, იქ ადამიანები არიან დასაქმებული“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა აიკრძალოს თუ არა კლუბებში თამბაქოს მოწევა, სერგი გვარჯალაძემ თქვა, რომ მისი აზრით, კლუბში გამოყოფილი ადგილები უნდა არსებობდეს, სადაც ადამიანებს მოწევა შეეძლებათ.