სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ
გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე იმსჯელებს.
როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, 4 მარტს სოლსბერიში მომხდარი ფაქტი უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგში უკვე შეიტანეს და საბჭოს წევრებს საქმის გამოძიების დეტალებს გააცნობენ.
პარალელურად, ტელეკომპანია Sky ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს ლონდონი რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. აღნიშნულის თაობაზე განცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გააკეთებს. რუსეთის ელჩი დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში უკვე დაიბარეს.
12 მარტს ტერეზა მეიმ მოსკოვს 24 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა განმარტებების გაკეთება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით სკრიპალის მოწამვლაში რუსეთია დამნაშავე.