სერგეი შოიგუ - უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება
სერგეი შოიგუ - უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ და ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას იარაღით ავსებენ, თუმცა რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ყველა ამოცანის შესრულებას.

სერგეი შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქ მარიუპოლს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის იარაღით ან მასალით ჩავა უკრაინის ტერიტორიაზე, განიხილება, როგორც განადგურების ლეგიტიმური სამიზნე. ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და უკრაინის ტერიტორიებზე მშვიდი ცხოვრება მყარდება. მათ შორის მარიუპოლში – ყველაზე დიდ სამრეწველო და სატრანსპორტო კერაში აზოვის ზღვაზე. ის რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სპეცოპერაციას. ამჟამად, რუსეთის არმიის ქვედანაყოფები, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციასთან ერთად, აფართოებენ კონტროლს“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.