ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ბათუმი უფრო მდიდრულია, ვიდრე – გაგრა. ამის შესახებ მან რადიო „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტებმა ინტერვიუს დროს აღნიშნეს, რომ ბათუმი ევროპული დონის კურორტია, ხოლო სერგეი შამბას ჰკითხეს, როგორ არის განვითარებული ქალაქ გაგრის ინფრასტრუქტურა.
„არ ვიცი, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. როგორც ვხედავ, უმრავლესობა მაინც კმაყოფილია აფხაზეთში დასვენებით. ბევრი ჩამოდის. ჩემთვის ახლა რთულია საუბარი. მე საკუთარი შეხედულება მაქვს, დაინტერესებული პირი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბათუმი უფრო მდიდრულია და სხვა დონეა. აქ ალბათ უფრო მარტივია ყველაფერი, თუმცა ზღვა აქაც კარგია, უკეთესიც კი, ვიდრე – ბათუმში“, – აღნიშნა შამბამ გაგრის ინფრასტრუქტურის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
სერგეი შამბას თქმით, აჭარაში კურორტები უფრო მეტად არის განვითარებული, რადგან „იქ მეტი ინვესტიცია იყო“.
„საქართველოს ეხმარება მთელი მსოფლიო, აშშ, ევროპა. მრავალი ქვეყანა აღიარებს და დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციებით. აჭარაში ინვესტიციებს დებენ ყაზახეთიც, აზერბაიჯანიც და სხვა ქვეყნები. ჩვენ კი, ძირითადად, ორიენტირებული ვართ მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე. არის ზოგიერთი ინვესტორი თურქეთიდან, თუმცა ძირითადად რუსულია. აქ უფრო რთულია. 2008 წლამდე ჩვენ ბლოკადაში ვიყავით, ესეც გასათვალისწინებელია. აფხაზეთში იყო ომი. აქ განადგურდა მთელი ინფრასტრუქტურა ქარხნებით, ფაბრიკებით. მთელი აღჭურვილობა გაიტანეს საქართველოში, საზღვაო ხომალდებიც. ყველაფერი, რისი გატანაც შეიძლებოდა, გაიტანეს საქართველოში. ჩვენ ჩამოვედით სრულიად განადგურებული გაღარიბებულ დედაქალაქში. ბევრ ადამიანს სახლები დაუწვეს, შიდა მიგრაციაა. ჩვენ ეს სირთულეები ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს, თანდათან გადავლახავთ, რუსეთი გვეხმარება. ეს რუსეთის დახმარებით ხდება“, – განაცხადა შამბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა.