სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან შეერთება არ განიხილება და ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტს ამ საკითხთან საერთო არაფერი აქვს
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთთან შეერთების იდეას ეწინააღმდეგებიან. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, სერგეი შამბას თქმით, თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტს რუსეთთან შეერთების საკითხთან საერთო არაფერი აქვს და ასეთი საკითხების დღის წესრიგში დაყენება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება.
ამასთან, სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ ახალი ევრაზიული კავშირის საკითხების განხილვა შესაძლებელია ექსპერტების დონეზე.
„საექსპერტო შეფასებების დონეზე განიხილება სხვადასხვა საკითხი ევრაზიულ კავშირში ევროკავშირის მსგავსი შესაძლო სამომავლო კონფიგურაციის შესახებ. ასეთი შეთავაზებები არც კი მიგვიღია. ეს ყველაფერი სპეკულაციებია, რომელთა განხილვაც ახლა რთულია. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მსგავსი არაფერი გვისაუბრია. ოფიციალური პირებისგან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ აფხაზეთის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარება“, – აღნიშნა სერგეი შამბამ.
სეპარატისტული რეჟიმის კონტროლირებული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ასლან ბჟანიას რუსეთში ჩასვლის შემდეგ სხვადასხვა არაოფიციალურ ინტერნეტრესურსზე გამოჩნდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციასთან რამდენიმე სუბიექტის შესაძლო შეერთების შესახებ, რომელთა შორის ოკუპირებული აფხაზეთი დასახელდა.