სერგეი რიაბკოვი - აშშ-ს ვაფრთხილებთ, უმჯობესია, ყირიმისგან, ჩვენი შავი ზღვის სანაპიროსგან თავი შორს დაიჭირონ
რუსეთი მომავალშიც დაიცავს უკრაინაში რუსულენოვან მოსახლეობას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ვიცავთ საკუთარ ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების, რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს და მომავალშიც დავიცავთ მათ“, – განუცხადა მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.
რუსმა დიპლომატმა ასევე მიუღებელი უწოდა სიტყვებს, როგორიცაა „საფასური“. გარდა ამისა, მან აშშ მსოფლიო არენაზე რუსეთის პოზიციებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში დაადანაშაულა. რიაბკოვმა ასევე პროვოკაცია უწოდა აშშ-ის მიერ შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას.
„აშშ-ს ვაფრთხილებთ, უმჯობესია ყირიმისგან, ჩვენი შავი ზღვის სანაპიროსგან თავი შორს დაიჭირონ. ეს მათივე სასიკეთოდ იქნება“, – განაცხადა რიაბკოვმა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთს თავისი აგრესიული ქმედებები ძვირი დაუჯდება.