სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს აუცილებელია, საუბარი ეხებოდეს იმ პრინციპებს, რომლებსაც ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა დაეფუძნოს
სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს აუცილებელია, საუბარი ეხებოდეს იმ პრინციპებს, რომლებსაც ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა დაეფუძნოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს აუცილებელია, საუბარი ეხებოდეს იმ პრინციპებს, რომლებსაც ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა დაეფუძნოს. აღნიშნული განცხადება სერგეი ლავროვმა თურქეთში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც ის თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა აპრილის ბოლოს ნიუ იორკში ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შესაძლო შეხვედრას.

ლავროვის თქმით, რუსეთი ეწინააღმდეგება უნიპოლარულ სამყაროს, რომელსაც ერთი ჰეგემონი მეთაურობს.

„ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას, რუსეთის შეშფოთების გათვალისწინებას. ამიტომ, როდესაც ზოგიერთი საერთაშორისო ექსპერტი, ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელი ცდილობს, გამოვიდეს ინიციატივით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ, მოდით, ახლა რუსეთი სწორად დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ეს გახლავთ იმ სიტუაციის სიმპტომი, რომელიც შეიქმნა აშშ-ის მიერ გატარებული ხაზის შედეგად, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ის სრული ჰეგემონიის დამკვიდრებისკენ. საუბარი უნდა ეხებოდეს იმას, რა პრინციპებს დაეფუძნოს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ყველას გვჭირდება, ნაცვლად უნიპოლარულისა, ერთი ჰეგემონის მსოფლიო წესრიგისა“, – განაცხადა ლავროვმა.

როგორც ცნობილია, თურქეთში გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება იყო. მოსკოვის შეფასებით, ეს შეთანხმება არ სრულდება.

„შემდგომში თუ არ იქნება არანაირი წინსვლა რუსული სასუქისა და მარცვლეულის ექსპორტზე არსებული დაბრკოლებების მოხსნის კუთხით, მაშინ ჩვენ დავფიქრდებით, საჭიროა თუ არა საერთოდ ეს შეთანხმება“, – განაცხადა ლავროვმა.