სერგეი ლავროვი - წარუმატებელი ამბოხი რუსეთს არ შეუქმნის სირთულეებს პარტნიორებთან ურთიერთობაში
სერგეი ლავროვი - წარუმატებელი ამბოხი რუსეთს არ შეუქმნის სირთულეებს პარტნიორებთან ურთიერთობაში

წარუმატებელი ამბოხი რუსეთს არ შეუქმნის სირთულეებს პარტნიორებთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„პარტნიორებთან, მეგობრებთან – არა, ხოლო სხვა ყველასთან – აბსოლუტურად არ მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობები ჩვენთან მისი ინიციატივით ნადგურდება, ეს ურთიერთობები არ არსებობს, შესაბამისად, ერთი ეპიზოდით მეტი თუ ერთით ნაკლები, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ის ვარაუდობს, რომ აშშ-ის დაზვერვა იმედოვნებდა წარმატებას რუსეთში ამბოხის მცდელობაში.

„გავეცანი, როგორ შუქდება მოვლენები დასავლეთში. კერძოდ, CNN-ზე, თუ სწორად მახსოვს, თქვეს, რომ ამერიკულმა დაზვერვამ რამდენიმე დღის წინ იცოდა მოახლოებული ამბოხის შესახებ, მაგრამ გადაწყვიტა, არავისთვის ეთქვა ამის თაობაზე. როგორც ჩანს, იმ იმედით, რომ ამბოხი წარმატებას მიაღწევდა“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ სიტუაციაში რუსეთის სტრატეგიული დამარცხების შანსი დაინახა და აღნიშნა, რომ მაკრონი, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლება და დასავლური მედია, მოსკოვის წინააღმდეგ მომუშავე ერთიანი „მანქანის“ ნაწილია.

ლავროვმა ისაუბრა ასევე აშშ-ის მიერ „ვაგნერის“ წინააღმდეგ შეჩერებულ სანქციებზე და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიდგომის ცვლილებაზე არ მიუთითებს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომის ცვლილება. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ აშშ-ის მიდგომა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სჭირდება შეერთებულ შტატებს ამ კონკრეტულ ეტაპზე ამა თუ იმ გარე მოთამაშისგან, იქნება ეს საერთაშორისო ასპარეზზე თუ კონკრეტულ ქვეყანაში“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ვაშინგტონმა არაერთხელ აჩვენა „სრული მიკერძოება და ჩართულობა უკრაინის კრიზისთან“ დაკავშირებით.