სერგეი ლავროვი - სხვა სახელმწიფოებს უბრალოდ ხელები გადაუგრიხეს, რომ დიპლომატები გაეძევებინათ
რუსეთი თავის ინტერესებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ყველა საშუალებით დაიცავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები კონფრონტაციით ან შეიარაღების რბოლის გააქტიურებით. თუმცა თავის ინტერესებს, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას რუსეთი დაიცავს მიზანმიმართულად და ეფექტიანად, მის განკარგულებაში არსებული საშუალებების მთელი არსენალის გამოყენებით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დასავლეთის ცალმხრივი, გამომწვევი ნაბიჯები დესტრუქციული ხასიათისაა და მსოფლიოში დისბალანსს იწვევს.
„ყველა ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, სიტუაცია მსოფლიოში კვლავ რთულდება. ძირითადი მიზეზი აშშ-ის მეთაურობით დასავლეთის ცალმხრივი ნაბიჯებია, რომლებიც რიგ შემთხვევებში გამომწვევი, დესტრუქციული ხასიათისაა და გლობალური მმართველობის მექანიზმების საშიშ დისბალანსს იწვევს“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა. მისი თქმით, დასავლეთმა ამ დრომდე ვერ გამოიტანა დასკვნები იუგოსლავიის, ერაყის, ლიბიის, სირიის, უკრაინის ტრაგედიებიდან.
როგორც სერგეი ლავროვი ამბობს, დასავლურმა ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მსოფლიო არენაზე ცალ კარში თამაში აღარ გამოვა.
სერგეი ლავროვმა ასევე სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსი დიპლომატების გაძევებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბევრმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები იძულებით გააძევა. ლავროვის თქმით, რუსეთის დემონიზაციისთვის დასავლეთი უხეშ პოლიტიკურ პროვოკაციებს ახორციელებს.
„სკრიპალის საქმე გახდა გამოგონილი და ინსცენირებული საბაბი რუსი დიპლომატების გასაძევებლად არა მხოლოდ აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, არამედ სხვა სახელმწიფოებიდანაც, რომლებსაც უბრალოდ ხელები გადაუგრიხეს. საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიური ეთიკის ასეთი დაუფარავი დაცინვა ჩვენ დიდი ხანია არ გვინახავს. ასეთ ნაბიჯებზე ადეკვატურად რეაგირებას გავაგრძელებთ, თუმცა ამავე დროს გვსურს, ჭეშმარიტება დავადგინოთ. დაჟინებით ვითხოვთ საგნობრივ და პასუხისმგებლიან გამოძიებას ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საპასუხოდ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება 30-მა ქვეყანამ მიიღო, რასაც რუსეთმა ანალოგიური ზომებით უპასუხა.