სერგეი ლავროვი - შეერთებულმა შტატებმა ევროპა ახლა დაიმორჩილა ისე, როგორც ამას თავის დროზე ნაპოლეონი და ჰიტლერი ცდილობდნენ
სერგეი ლავროვი - შეერთებულმა შტატებმა ევროპა ახლა დაიმორჩილა ისე, როგორც ამას თავის დროზე ნაპოლეონი და ჰიტლერი ცდილობდნენ

შეერთებულმა შტატებმა ევროპა ახლა დაიმორჩილა ისე, როგორც ამას თავის დროზე ნაპოლეონი და ჰიტლერი ცდილობდნენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, უბრალოდ შემდეგი შედარება მახსენდება: ერთ დროს ნაპოლეონმაც და ჰიტლერმაც ევროპის დამორჩილების ამოცანა დაისახეს. ახლა ამერიკელებმა დაიმორჩილეს ის. გასაგებია, რომ ნატო-ში კითხვები საერთოდ არ არსებობს და ევროკავშირს მისი ადგილი მიანიშნეს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ამაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებით არსებული ვითარება.

„ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის ისტორიამ მშვენივრად აჩვენა, თუ რა რეალური ადგილი უკავია ევროკავშირს მსოფლიო ასპარეზზე. უბრალოდ აიძულეს ეს. სწორედ ასე იქმნება სურათი მსოფლიო ასპარეზზე, ჰოლივუდის მსგავსად: არის აბსოლუტური ბოროტება და აბსოლუტური სიკეთე. აბსოლუტური სიკეთე, რა თქმა უნდა, განსახიერებულია პერსონაჟში, რომელიც სამწუხაროდ, ფაქტობრივად, ამ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარისტია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის ერთი უცვლელი პირობით – მხოლოდ თანასწორობისა და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის, გათვალისწინების საფუძველზე“, – დაამატა ლავროვმა.

ასევე, პრესკონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები გვერდს უვლიან რუსეთის წინადადებებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით.

„შემთხვევითი როდია, რომ დასავლეთი თავს არიდებს რეაქციას, ჩვენს აბსოლუტურად მკაფიო წინადადებებს, რომელიც ეფუძნება არსებულ შეთანხმებებს ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, რუსეთი ვეღარ დაუშვებს რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირი თავდასხმის საფრთხეს უკრაინის ტერიტორიიდან.

„ზოგადად, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის სიტუაცია, არა მხოლოდ ამ ქვეყნის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის პრევენცია, არა მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გენოციდის გამოვლინებების და ნებისმიერი ძალადობის აღკვეთა და უკრაინელებისთვის საკუთარი ბედის თავად განსაზღვრის შესაძლებლობა, არამედ ეს ეხება მსოფლიო წესრიგს“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, უკრაინის მომავლის საკითხი, მათ შორის ქვეყნის ლიდერის არჩევა, უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ხალხებთან ერთად. „თავად უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, უფრო სწორად, მრავალეროვნულ უკრაინაში მცხოვრებმა ყველა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება უკრაინაში და ვინ აირჩიოს ამ ქვეყნის სათავეში“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, როგორც ლავროვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სანქციების ერთადერთი ალტერნატივა მესამე მსოფლიო ომია და მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს, მხოლოდ „ბირთვული ომი“.

ლავროვის განცხადებით, ეს მხოლოდ „დასავლელი პოლიტიკოსების თავებშია და არა რუსი ხალხის გონებაში“.

„თუ ჩვენ წინააღმდეგ რეალური ომია, მაშინ ვინც ასეთ გეგმებს აწყობს, ამაზე უნდა იფიქრონ. ჩემი აზრით, ასეთი გეგმები კეთდება“, – განაცხადა ლავროვმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა საფრანგეთს სპეციალური როლი ვითარების დარეგულირებაში, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საფრანგეთს აქვს სხვადასხვა კონფლიქტში შუამავლობის საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია.

„ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტი სარკოზი, როდესაც ის გვეხმარებოდა სიტუაციის დარეგულირებაში, რომელიც დაიწყო სამხრეთ ოსეთისა და მშვიდობისმყოფელების დაბომბვის შესახებ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანებიდან. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი მაკრონი და მისი წინამორბედი აქტიურად მონაწილეობდნენ „ნორმანდიული ფორმატის“ შექმნაში, რომლის ფარგლებშიც მიღწეული იყო მინსკის შეთანხმებები. ეს შეთანხმებები ამ ძალისხმევის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, თუმცა ამაზე ყველაფერი დასრულდა. მათი ხელმოწერისა და ამ შეთანხმებების გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიღების შემდეგ, არც საფრანგეთს და არც გერმანიას არაფერი გაუკეთებიათ, რომ ეიძულებინათ უკრაინისთვის მათი შესრულება. პირიქით, მათ დაიწყეს საუბარი, რომ უკრაინამ ისინი არ უნდა შეასრულოს, ისინი რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს, რომ კიევსა და დონეცკს და კიევსა და ლუგანსკს შორის არ უნდა იყოს არანაირი პირდაპირი დიალოგი, რადგან ეს ყველაფერი ბუტაფორიაა, ხოლო სიმართლე ისაა, რომ დამნაშავე რუსეთია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ წუთებში პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ მაკრონს შორის სავარაუდოდ მორიგი სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.