სერგეი ლავროვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთის გეოპოლიტიკური ინჟინერიის შედეგს უწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთის გეოპოლიტიკური ინჟინერიის შედეგს უწოდებს, – ამის შესახებ ლავროვმა რეგიონული არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს „დასავლელი კურატორები“ მზად არიან, თვალი დახუჭონ ულტრანაციონალისტების ქმედებებსა და რუსოფობიაზე, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირი გაწყვიტონ.
„ჩვენი დასავლელი კოლეგების გეოპოლიტიკური ინჟინერიის შედეგების კიდევ ერთი მაგალითი – ეს არის საქართველო, სადაც დასავლელი კურატორები მზად არიან, დახუჭონ თვალები ულტრანაციონალისტების თავგასულობაზე, რუსოფობიაზე, ოღონდ კი, გაწყვიტონ ქართველი ხალხის ყველა კავშირი ჩვენს ქვეყანასთან, გადაწერონ ჩვენი საერთო ისტორია“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი საღად აფასებს აშშ-ისა და მისი უახლოესი მოკავშირეების როლს მსოფლიო არენაზე.
„ასე რომ, ჩვენ საღად ვაფასებთ აშშ-ისა და მისი უახლოესი მოკავშირეების როლს მსოფლიო არენაზე, თუმცა ამავე დროს, ჩვენ არავისგან ვიმალებით, არ ვიზოლირდებით, არ გავურბივართ დიალოგს იმ საკითხებზე, სადაც არის ერთობლივი ურთიერთმომგებიანი მუშაობის შესაძლებლობა მთელი კაცობრიობისთვის საერთო საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.