სერგეი ლავროვი - საქართველოს მთავრობა დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ეროვნული ინტერესებით პასუხობს, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს
საქართველოს მთავრობა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის თაობაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს.
„ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლისა და მოთხოვნის, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი (ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის უკვე) საპასუხოდ ამბობს: „მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს“. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დააბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.