სერგეი ლავროვი - რუსეთსა და აშშ-ის შორის ახალი „რკინის ფარდა“ არ არსებობს
რუსეთსა და აშშ-ის შორის ახალი „რკინის ფარდა“ არ არსებობს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, მსოფლიოს ორ დიდ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება, თუმცა დრო, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულიყო კავშირების გასაღრმავებლად, უბრალოდ დაიკარგა.
„არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ტერმინი „რკინის ფარდა“ შეესაბამება რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებს“ – აღნიშნა ლავროვმა.
მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ აშშ-ის მიერ გადადგმულმა ზოგიერთმა ნაბიჯმა ურთიერთობების დათბობას ხელი არ შეუწყო. მაგალითებად ლავროვმა სანქციების დაწესება და აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული დიპლომატიური ქონების ჩამორთმევა დაასახელა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვაშინგტონში „რუსოფობიურმა ისტერიამ“ ახალ სიმაღლეებს მიაღწია.