სერგეი ლავროვი - რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინის თაობაზე სერიოზულ მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევს დიალოგისკენ არავინ მოუწოდებს
რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინის თაობაზე სერიოზულ მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევს დიალოგისკენ არავინ მოუწოდებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინა მხოლოდ ომის გასაგრძელებლად არის განწყობილი.
სერგეი ლავროვის განცხადებით, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის საბოლოო საერთო დოკუმენტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა უკრაინასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო.
ლავროვის თქმით, ვინც ჩინეთს ემუქრება დღევანდელ პირობებში და უკრაინის კონფლიქტის ფონზე, მათი ადეკვატურობა ეჭვს იწვევს.
„დასავლეთი დაჟინებით მოითხოვდა უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების ტექსტის გამეორებას, რომელიც შეთანხმდა გასულ წელს ბალიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც სრულიად უგულებელყოფს ჩვენს არგუმენტებს, რომ მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ქალბატონ მერკელის, ბატონი ოლანდის, ბატონი პოროშენკოს და თვით ზელენსკის გულწრფელი აღიარებაც კი, რომ არცერთი მათგანი არ აპირებდა მინსკის შეთანხმებების შესრულებას და მინსკის შეთანხმებების ხელმოწერის მიზანი, დასავლური ინტერესების თვალსაზრისით, იყო დროის მოგება უკრაინის იარაღით შესავსებად და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომისთვის მოსამზადებლად. მათ კატეგორიული უარი თქვეს ამ ფაქტის ხსენებაზე. ასევე, მათ უარი თქვეს ამ კონტექსტში სხვა ფაქტის მიღებაზე, რომელიც ასახავს მას შემდეგ მომხდარ მოვლენებს. ვგულისხმობ ტერორისტულ აქტს „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების სისტემის წინააღმდეგ. ჩვენი მოწოდება, დოკუმენტში აგვესახა მიუკერძოებელი, სამართლიანი გამოძიების აუცილებლობა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კატეგორიულად უარყვეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.