სერგეი ლავროვი - რუსეთი სომხეთს მოკავშირედ არამხოლოდ იურიდიულად მიიჩნევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთს მოკავშირედ არამხოლოდ იურიდიულად მიიჩნევს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ სომხეთში არიან ისეთები, ვისაც ესმით რუსეთის მნიშვნელობა სომხეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.
სერგეი ლავროვმა აშშ-ისა და ევროკავშირის ქმედებებს, სომხეთის რუსეთისგან განცალკევების მიზნით, ამპარტავნული და უსირცხვილო უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი „ევრაზიის ეკონომიკური კავშირისგან“ ყველაზე მეტ სარგებელს იღებს.
„სომხეთის ეკონომიკის 35 პროცენტი რეალიზდება „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ მონაწილეობით. გასულ წელს სომხეთის სავაჭრო ბრუნვა ოც მილიარდ დოლარზე მეტი იყო. აქედან 37 პროცენტი „ევრაზიის ეკონომიკური კავშირია“, 13 პროცენტი – ევროკავშირი და სამი პროცენტი – შეერთებული შტატები. სომხეთს, როგორც პატარა ქვეყანას, გაცილებით ნაკლები წვლილი შეაქვს „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“, ვიდრე სხვებს, ფინანსური შენატანების ჩათვლით, მაგრამ აქვს აბსოლუტურად თანაბარი უფლებები ყველასთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან, როდესაც მიიღება გადაწყვეტილებები, როდესაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები კენჭსყრაში მონაწილეობენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.