სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უზრუნველყოს მოძრაობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისკენ
რუსეთი მზადაა, უზრუნველყოს მოძრაობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისკენ, – ეს განცხადება ბაქოში ვიზიტად მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. სერგეი ლავროვი უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
„ჩვენ, როგორც ეუთო-ს მინსკის თანათავმჯდომარეების სამეულის წევრები, დაინტერესებულები ვართ, კვანძების გახსნაში და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისკენ მოძრაობის უზრუნველყოფაში. ამ შემთხვევაში რუსეთი ეთანხმება აზერბაიჯანს, რომ ამ კუთხით უფრო აქტიური ძალისხმევაა საჭირო“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ლავროვის თქმით, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში ტვირთბრუნვა 60 პროცენტით არის გაზრდილი.
რუსეთის მთავარი დიპლომატი ბაქოში გუშინ საღამოს ჩავიდა. დღეს სერგეი ლავროვმა რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკო.