სერგეი ლავროვი - რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი გააგრძელებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“. მისივე თქმით, „რუსეთის მიერ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“. ამის შესახებ ლავროვმა მოსკოვში , ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრის დაწყების დროს განაცახადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სფეროს განვითარებაში და სახელმწიფოს გაძლიერების სხვა მიმართულებებში, როგორც ეს ორმხრივი შეთანხმებებით არის გათვალისწინებული. 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა რუსეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აქტიურად თანამშრომლობენ, ხორციელდება მიმდინარე და მომავალი წლებისთვის საკონსულტაციო გეგმა“.
„მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთანაც“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ „მთავრობათაშორისი კომისია, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში გეგმებს ახორციელებს, ასევე ახორციელებს საინვესტიციო პროგრამას“.
„დღეს ჩვენ საკმაოდ ვრცელი დღის წესრიგი გვაქვს, ეს არის ჩვენი მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების შემდგომი წინსვლის საკითხები პრაქტიკული თანამშრომლობის სფეროებში, და, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული საკითხებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის განხილვა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.