სერგეი ლავროვი - ველოდებით დასავლეთისგან დაპირებულ პასუხს ჩვენს წინადადებებზე, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს
რუსეთი ელოდება დასავლეთისგან დაპირებულ პასუხს მის წინადადებებზე, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში, გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე განიხილეს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ -ის ამოქმედების საკითხი. ამასთან, რუსმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ „გაზსადენის საკითხის პოლიტიზება კონტრპროდუქტიულია“. ლავროვის განმარტებით, მოლაპარაკებების დროს საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხს და უკრაინაში არსებულ ვითარებას.
„ჩვენ ვთანხმდებით მინსკის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე. ჩვენ ასევე მივუთითეთ, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია რუსეთის კონფლიქტის მხარედ დასახელება, რასაც ჰქონდა ადგილი და ამ შეთანხმების შესრულებაში პროგრესის არარსებობაზე პასუხისმგებლობის მოსკოვისთვის დაკისრება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გერმანია მოახდენს გავლენას კიევზე, რათა მათ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივაც.
ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანიასა და რუსეთს შორის ბევრ საკითხზე უთანხმოება რჩება, თუმცა მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება.