სერგეი ლავროვი - როგორც „ცივი ომის“ წლებში, ჩვენ კვლავ მივუახლოვდით საშიშ და, შესაძლოა, კიდევ უფრო საშიშ ზღვარს
როგორც „ცივი ომის“ წლებში, ჩვენ კვლავ მივუახლოვდით საშიშ და, შესაძლოა, კიდევ უფრო საშიშ ზღვარს, – ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა, რადგან რუსეთმა აპრილში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ერთი თვით გადაიბარა.
„როგორც ცივი ომის წლებში, ჩვენ კვლავ მივუახლოვდით საშიშ და, შესაძლოა, კიდევ უფრო საშიშ ზღვარს. სიტუაცია უარესდება მილტილატერალიზმში რწმენის დაკარგვით, როდესაც დასავლეთის ფინანსური და ეკონომიკური აგრესია ანადგურებს გლობალიზაციის სარგებელს, როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები უარს ამბობენ დიპლომატიაზე და ურთიერთობების გარკვევას ბრძოლის ველზე ითხოვენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის განცხადებით, არავის მიუცია დასავლური უმცირესობისთვის უფლება, ისაუბროს მთელი კაცობრიობის სახელით.
თავის მხრივ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა, რომ გლობალურ ძალებს შორის კონფლიქტის რისკი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ლავროვის გვერდით მჯდომმა გუტიერეშმა გააკრიტიკა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში, რომელმაც, მისი თქმით, უკრაინაში მასობრივი ტანჯვა და განადგურება მოიტანა.
„რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სასამართლოს დარღვევით აყენებს მასობრივ ტანჯვას და განადგურებას ქვეყანასა და მის ხალხს და ამწვავებს „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეულ გლობალურ ეკონომიკურ რყევებს“, – აღნიშნა გუტიერეშმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმაც გააკრიტიკეს რუსეთი უკრაინაში ომის წარმოების გამო, მათ შორის აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა.
„ჩვენი დღევანდელი თვალთმაქცი ორგანიზატორი შეიჭრა თავის მეზობელ უკრაინაში და დარტყმა მიაყენა გაერო-ს წესდების გულში. უკანონო, არაპროვოცირებული და არასაჭირო ომი პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ყველაზე წმინდა პრინციპს – რომ აგრესიის ომი და ტერიტორიების დაპყრობა არასდროს იქნება მისაღები“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა.
აშშ-ის ელჩმა ასევე დაადანაშაულა რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ამერიკელების დაკავების გამო და მოსკოვს მოუწოდა „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩისა და ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის გათავისუფლებისკენ. გაერო-ს უშიშროების საბჭოში დღეს პოლ უილანის დაც იმყოფებოდა.