სერგეი ლავროვი - პოლონეთი გულმოდგინედ უთხრის საფლავს ეუთო-ს, ჯერ არავის მიუყენებია ისეთი ზიანი, როგორც პოლონეთმა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისას  
სერგეი ლავროვი - პოლონეთი გულმოდგინედ უთხრის საფლავს ეუთო-ს, ჯერ არავის მიუყენებია ისეთი ზიანი, როგორც პოლონეთმა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისას  

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, პოლონეთი გულმოდგინედ უთხრის საფლავს ეუთო-ს.

ლავროვის თქმით, „ბოლო წლებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში პოლონეთი არ ცდილობდა, შეეცვალა ეუთო-ს სივრცის დაყოფისა და ორგანიზაციის მარგინალიზაციის ნეგატიური ტენდენცია.

„ჯერ არავის არ მიუყენებია ეუთო-სთვის ისეთი ზიანი, როგორც ეს პოლონეთმა გააკეთა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისას“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აშშ და ნატო უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართულობაში. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ დასავლეთმა უკრაინას არ მიაწოდოს იარაღი, რომელიც რუსების მკვლელობისთვის გამოიყენება.“

„ჩვენ მწყობრიდან გამოგვყავს ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც დასავლეთს საშუალებას აძლევს, მიაწოდოს უკრაინაში სიკვდილის მომტანი იარაღი, რათა რუსები მოკლან. ამიტომ არ არის საჭირო იმის თქმა, რომ აშშ და ნატო არ მონაწილეობს ამ ომში. თქვენ პირდაპირ მონაწილეობთ ამ ომში, არა მხოლოდ იარაღის მიწოდებით, არამედ სამხედროების მომზადებით“, – განაცხადა ლავროვმა.