სერგეი ლავროვი - ინფორმაცია, რომ სირიაში აშშ-ის ბაზებზე რადიკალ მებრძოლებს წვრთნიან, შემაშფოთებელია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შემაშფოთებელი უწოდა ინფორმაციას, რომ სირიაში აშშ-ის ბაზებზე რადიკალ მებრძოლებს წვრთნიან.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია RT-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხდა.
სერგეი ლავროვმა სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ბრძოლა დადებითად შეაფასა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციის დროს ამერიკელი სამხედროები ჯიჰადისტების დაბომბვაზე ხშირად უარს ამბობდნენ.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის ომში რუსეთის ჩართვისა და აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, კოალიციის ძალისხმევა გაძლიერდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ეგვიპტესთან ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ მოსკოვი და კაირო ბევრ სფეროში თანამშრომლობენ, რუსეთი მხარს უჭერს ეგვიპტის ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ, თუმცა საბრძოლო მისიის დაწყების განზრახვა არ აქვს.
ინტერვიუში საუბარი შეეხო იემენში შექმნილ მდგომარეობასაც.
ლავროვის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის მკვლელობამ შიიტი ჰუსიტები უფრო რადიკალურ ჯგუფად აქცია.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ირანსა და არაბული ლიგის ქვეყნებს შორის მტრობის დასრულება იემენის კრიზისზე დადებითად აისახება.