სერგეი ლავროვი - ეუთო, არსებითად, ნატო-სა და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება, ორგანიზაცია უფსკრულის პირას დგას
ეუთო, არსებითად, ნატო-ს და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება. ორგანიზაცია, მოდით, ღიად ვთქვათ, უფსკრულის პირას დგას, ჩნდება მარტივი კითხვა, აქვს თუ არა აზრი ენერგიის ჩადებას მის აღორძინებაში? – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.
ლავროვის განცხადებით, არსებობს კითხვა: შეძლებს თუ არა ეუთო, მოერგოს მსოფლიო განვითარების ობიექტურ რეალობას და კიდევ ერთხელ გახდეს რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების ობიექტური განხილვის პლატფორმა?
„1999 წელს ნატოელებმა ჩაიდინეს დაუფარავი უხეში აგრესია ეუთო-ს და გაერო-ს წევრი იუგოსლავიის წინააღმდეგ. 2008 წელს, უსაფრთხოების საბჭოს 12404-ე რეზოლუციით და ჰელსინკის საბოლოო აქტში ჩაწერილი ევროპაში საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევით, სერბეთს კოსოვო ჩამოაშორეს ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე. ეუთო-ს წევრმა, იმავე ნატო-ს ქვეყნებმა, 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიანიშნეს ალიანსში თბილისისა და კიევის წევრობის შესახებ. ამოცანა მარტივი იყო. მათი წაქეზება რუსეთის წინააღმდეგ. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „ვარდების რევოლუციის“ გზით მოვიდა, მყისვე აამუშავა მისთვის ბუქარესტში მიცემული კარტბლანში. იმავე 2008 წლის აგვისტოში, უბრძანა სამხრეთ ოსეთის ქალაქების დაბომბვა და თავს დაესხა სამშვიდობოებს, რომლებიც იქ ეუთო-ს თანხმობით იმყოფებოდნენ. ეს პროვოკაცია აშშ-მა მოამზადა, რომელმაც საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო. რაც ასწავლა ვაშინგტონმა, სააკაშვილმა მოისმინა და შეასრულა“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, ეუთო სავალალო მდგომარეობაშია და მისი პერსპექტივები გაურკვეველია.
„სულ რაღაც ერთ წელიწადში იქნება ჰელსინკის საბოლოო აქტის 50 წლის იუბილე. ამასთან დაკავშირებით, იძულებული ვარ, სინანულით აღვნიშნო, რომ ეუთო ამ წლისთავს სავალალო მდგომარეობაში უახლოვდება და მისი პერსპექტივები გაურკვეველი რჩება. ეუთო, არსებითად, ნატო-სა და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება. მოდით, ღიად ვთქვათ, ორგანიზაცია უფსკრულის პირას დგას. ჩნდება მარტივი კითხვა: აქვს თუ არა აზრი ენერგიის ჩადებას მის აღორძინებაში? შეძლებს თუ არა ეუთო, მოერგოს მსოფლიო განვითარების ობიექტურ რეალობას, კიდევ ერთხელ გახდეს რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების ობიექტური განხილვის პლატფორმა ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების საფუძველზე, პირველ რიგში, ყველა მონაწილე ქვეყნის თანასწორობის პრინციპით? ჯერ უფრო ბევრი კითხვაა, ვიდრე პასუხები“, – განაცხადა ლავროვმა.