სერგეი ლავროვი - დასავლეთის სურვილია, შეინარჩუნოს საკუთარი ჰეგემონია, ამ მთავარი გეოპოლიტიკური პრობლემის გადაჭრის გარეშე, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში ვერცერთი კრიზისი ვერ მოგვარდება
დასავლეთის სურვილია, შეინარჩუნოს საკუთარი ჰეგემონია, ამ მთავარი გეოპოლიტიკური პრობლემის გადაჭრის გარეშე, ვერც უკრაინაში და ვერც მსოფლიოს სხვა ნაწილებში ვერცერთი კრიზისი ვერ მოგვარდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე, მიუხედავად კიევის ამერიკული იარაღით გავსებისა, მაგრამ პრობლემის მოგვარების საკითხი მხოლოდ კონტაქტის ხაზზე არ დგას, ის უფრო გლობალურია.
„მიმდინარე კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც დასავლეთის მარიონეტია, არამედ მის ბატონებს. ჩვენ დიდი ხანია, მზად ვიყავით ასეთი დიალოგისთვის, ჩვენი წინადადებები გაკეთდა როგორც 2009 წელს, ასევე 2021 წლის დეკემბერში. დასავლეთმა ამპარტავნულად უარი თქვა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი და ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა გარდაუვალია. ადრე თუ გვიან ეს მოხდება“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.