სერგეი ლავროვი - ჩვენ დავაფასეთ, რომ თურქეთი იკავებს პრაგმატულ ხაზს, აქვს დაბალანსებული მიდგომა და არ შეუერთდა ცალმხრივ უკანონო სანქციებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას ვრცლად ისაუბრეს უკრაინაში და მის გარშემო არსებულ ვითარებაზე.
„კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებების მიზანი არის დონბასის მცხოვრებთა დაცვა პირდაპირი სამხედრო საფრთხისგან კიევის რეჟიმის მხრიდან, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, რომ ამ ქვეყნის ყველა ეთნიკური ჯგუფის ყველა მოქალაქემ შეძლოს ცხოვრება მშვიდობის, თანხმობისა და უსაფრთხოების პირობებში. ჩვენ დავაფასეთ, რომ ანკარა იკავებს პრაგმატულ ხაზს, აქვს დაბალანსებული მიდგომა და არ შეუერთდა ცალმხრივ უკანონო სანქციებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აშშ-მა და მისმა სატელიტებმა დააწესეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რაც შეეხება კითხვას პუტინი-ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებისთვის ერდოღანის შუამავლობაზე, – ლავროვის თქმით, არ არსებობს არანაირი დაბრკოლება შეხვედრის ორგანიზებისთვის იმის გათვალისწიებით, თუ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, არამედ იქნება პრეზიდენტების კონტაქტი, რაც გაამყარებს მიღწეულ შეთანხმებებს, რომლებიც ახლა მუშავდება ორი დელეგაციის არხებით, რომლებმაც სამი შეხვედრა ბელარუსში გამართეს და ახლა მუშაობენ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ უკრაინის ხელისუფლება უპირატესობას ანიჭებს შეხვედრების ჩატარების გარე ეფექტებს, რათა მხოლოდ აჩვენონ სურათები, აჩვენონ ეს ამბავი ტელევიზიით და გაავრცელონ ინტერნეტში. ყოველწლიურად, როდესაც ჩვენ ვცდილობდით, მიგვეღწია მინსკის შეთანხმების შესრულებისთვის, უკრაინის ხელმძღვანელები მოქმედებდნენ სწორედ ასეთი მიდგომით – მოდით, შევხვდეთ, მაშინ ყველაფერი გადაწყდება. ხოლო როდესაც შეხვედრაზე მიიღწეოდა შეთანხმებები, ისინი მათ უბრალოდ ღიად საბოტირებდნენ. ასე მოხდა 2019 წლის დეკემბერში პარიზის ნორმანდიული სამიტის შედეგებთან დაკავშირებითაც. ამიტომ ჩვენ უკრაინელი ლიდერების ამ ქცევებიდან ვისწავლეთ სერიოზული გაკვეთილი და ახლა შევთანხმდებით შეხვედრებზე, რომლებსაც რეალურად ექნებათ დამატებითი ღირებულება ყველა იმ საკვანძო საკითხზე, რომლებმაც ამჟამინდელ კონფლიქტამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.