სერგეი ლავროვი - ბრიანსკის რეგიონზე უკრაინის სარაკეტო თავდასხმა ესკალაციის სიგნალია
ბრიანსკის რეგიონზე უკრაინის სარაკეტო თავდასხმა ესკალაციის სიგნალია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„„ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტების ბრიანსკის რეგიონზე თავდასხმისთვის გამოყენება, რა თქმა უნდა, არის სიგნალი, რომ მათ ესკალაცია სურთ და ამერიკელების გარეშე შეუძლებელია ამ მაღალტექნოლოგიური რაკეტების გამოყენება. ამაზე პუტინმა არაერთხელ ისაუბრა“, – განაცხადა ლავროვმა რიო-დე-ჟანეიროში, G20-ის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად დაარტყეს რუსეთის ტერიტორიას „ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით. უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევის რაიონში სამხედრო ობიექტი დაბომბეს, რის შემდეგაც სამიზნე წარმატებით განადგურდა. კარაჩევი მდებარეობს რუსეთის ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კმ-ის დაშორებით. ადგილობრივი დროით ღამის 02:30 საათისთვის სამიზნე ზონაში 12 მეორადი აფეთქება მოხდა.