სერგეი ლავროვი - ბაქო მზად არის, ერევანთან სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთის ტერიტორიაზე გააფორმოს, ერევანის პოზიცია უცნობია
ბაქო მზად არის, ერევანთან გააფორმოს სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთის ტერიტორიაზე, ერევანის პოზიცია უცნობია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სურთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მათ ტერიტორიაზე გაფორმდეს.
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, 2020 წელს მიღწეული შეთანხმებების გათვალისწინებით, ვერ ხედავს ლოგიკას სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებში ნახიჩევანში სომხეთის ტერიტორიით ტრანზიტის გახსნის შესახებ. მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერევანი მზადაა, იმავე პირობებით ირანმა გაუხსნას გზა აზერბაიჯანს ნახიჩევანის ექსკლავამდე.
„კავშირების და მარშრუტების განბლოკვის პირობებში ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ სუვერენიტეტს და იურისდიქციას. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. მისი პარამეტრები გათვალისწინებულია სამმხრივ შეთანხმებაში. მარშრუტი გადის სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე და თქვა, რომ მოსკოვი ერევანთან ურთიერთობების გაცივების ინიციატორი არასდროს ყოფილა.