სერგეი ლავროვი - ახალ მსოფლიო წესრიგზე გადასვლას მთელი ეპოქა დასჭირდება და ეკლიანი იქნება, რადგან აშშ ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს
ახალ მსოფლიო წესრიგზე გადასვლას მთელი ეპოქა დასჭირდება და ეკლიანი იქნება, რადგან აშშ ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ბრიქსის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ბრიქსის“ გაფართოება მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესის ნათელი დადასტურებაა.
„გლობალურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ახალი ცენტრები ჩნდება გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებიდან. ეს ქვეყნები მხარს უჭერენ ცხოვრების უფრო სამართლიან წესს, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობასა და ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას. სანქციების, ზეწოლისა და ფინანსური შანტაჟის საშუალებით დასავლელები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ სუვერენული სახელმწიფოების განვითარების მოდელებისა და სავაჭრო პარტნიორების არჩევაზე. დასავლეთი არ ერიდება ძალის გამოყენებას. ყველამ იცის მაგალითები“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო პრობლემების გადაჭრაში „ბრიქსის“ როლი გაიზრდება.