სერგეი ლავროვი - ადამიანი თუ ამბობს, რომ ალტერნატივა მხოლოდ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს, მაშინ არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ ეს ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ბირთვული
ადამიანი თუ ამბობს, რომ ალტერნატივა მხოლოდ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს, მაშინ მას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ბირთვული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება ვებგვერდზე ავრცელებს.
კითხვაზე, „ხომ არ ვიმყოფებით მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე“, რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა ჰკითხონ.
„მან განაცხადა, რომ ასეთი სანქციების გზით რომ არ წავსულიყავით, ალტერნატივად მხოლოდ მესამე მსოფლიო ომი იქნებოდა. ასეთი კატეგორიებით აზროვნებს ჯო ბაიდენი და მაინც ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა იყოს იმასთან, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს მსოფლიო ასპარეზზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, 2021 წლის ივნისში, ჟენევაში პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ დაადასტურეს განცხადება, „რომელიც გაკეთდა საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების ლიდერების მიერ 1980-იან წლებში, რომ ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს“. ლავროვის თქმით, 2022 წლის იანვარში გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივმა წევრმა ხელი მოაწერა ასეთივე კოლექტიურ მრავალმხრივ განცხადებას.
„თუ ადამიანი, როდესაც ეკითხებიან, შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო რაიმე სხვა, ვიდრე სანქციების ეს ტალღაა, ამბობს, რომ ალტერნატივა მხოლოდ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს, მაშინ მას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ბირთვული. ვივარაუდებ, რომ ძველი ინსტინქტები ჯერ კიდევ ცოცხალია ჩვენი დასავლელი პარტნიორების გონებაში, თუ ისინი უშვებენ ასეთ შესაძლებლობას, მიუხედავად უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრის საჯაროდ დადასტურებული პოზიციისა“, – განაცხადა ლავროვმა.