სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თხოვნის შემთხვევაში, რუსეთი არ გამოაქვეყნებს აშშ-ის პასუხს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თხოვნის შემთხვევაში, რუსეთი არ გამოაქვეყნებს აშშ-ის პასუხს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით

რუსეთი არ გამოაქვეყნებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-ის პასუხს, თუ ასეთი თხოვნა იქნება, თუმცა ვაშინგტონის რეაქციის არსი საზოგადოებას ეცნობა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო დუმის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო საათის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ლავროვმა განაცხადა, რუსეთი ვარაუდობს, რომ აშშ და ნატო შეასრულებენ თავიანთ დაპირებას, გასცენ წერილობითი პასუხი რუსეთის შეთავაზებებზე.

„პასუხს ველოდებით ამ კვირაში. გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ჩვენ არ დაგვაღალატებენ და თავიანთ სიტყვას შეასრულებენ“, – განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის.

სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ თუ მოსკოვის ინიციატივებზე დასავლეთის მხრიდან არ იქნება კონსტრუქციული პასუხი და გაგრძელდება აგრესიული კურსი, რუსეთი მიმართავს აუცილებელ ზომებს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროვოს ოფიციალური პასუხი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებებთან დაკავშირებით.