სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში არსებობს ფორმულირებები, რომელთა შესახებ შეთანხმება შესაძლებელია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის და უკრაინის მოლაპარაკებებში არსებობს ფორმულირებები, რომელთა შესახებ შეთანხმება შესაძლებელია.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ ტელეკომპანია „არ-ბე-კას“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა. ეს ბევრად უფრო რეალისტური შეფასება იყო, რომელიც ზელენსკისგან მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, რადგან მანამდე ის კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებდა“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან ერთად, ლავროვი ამტკიცებს, რომ ახლა მოლაპარაკებებზე განიხილება უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხი, რაც მიბმულია რუსეთის მოთხოვნასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, ეძებოს გზები როგორც საკუთარი, ისე უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა ნატო-ს გაფართოება გამორიცხულია.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტმა ზელენკიმ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მხარეთა პოზიციები უფრო რეალისტურად ჟღერს.