სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ვერ გააუმჯობესებს
სერგეი ლავროვის თქმით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ვერ გააუმჯობესებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ „პუტინის მხრიდან მომავალი უამრავი კეთილი ნების ჟესტი უარყო“. რაზეა საუბარი, ლავროვს არ დაუკონკრეტებია.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული იყო, თუმცა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს ურთიერთნდობამ ნგრევა დაიწყო. ლავროვის შეფასებით, აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული პოლიტიკური დიალოგით, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე.
სერგეი ლავროვი აშშ-ში იმყოფება, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დასავლეთი, რომ „უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად იყენებს“.