სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი არ არის დაინტერესებული რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებით
დასავლეთი არ არის დაინტერესებული რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, დასავლეთს სურს მხოლოდ ერთი რამ – იცხოვროს სხვის ხარჯზე და იყოს ყველა სხვაზე ჭკვიანი.
„2022 წლის აპრილში დასავლეთმა უკრაინას ხელშეკრულებების გაფორმება აუკრძალა და არც ახლა აინტერესებს, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს. ბრძანებას ვაშინგტონი იძლევა“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთმა და უკრაინამ, შესაძლოა, პირდაპირი მოლაპარაკებები გამართონ ჟენევაში, ჭორებია.
ლავროვის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების პირობებზე საუბარი აუცილებელია დასავლეთთან. ლავროვმა დასავლეთი ტერორისტების მიმართ ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და თქვა, რომ დასავლეთის ნდობა არ შეიძლება.