სერგეი ივანოვი - ცხინვალში სიტუაციის გამწვავების შემთხვევისთვის, რუსეთს სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ 2007 წელს ჰქონდა
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სერგეი ივანოვის თქმით, ცხინვალის რეგიონში სიტუაციის გამწვავების შემთხვევისთვის, კრემლს სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ 2007 წელს ჰქონდა შემუშავებული.
რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, საიდუმლო გეგმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს 2007 წელს უკვე მზად ჰქონდა და მისი ამოქმედება ცხინვალის რეგიონში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში იგეგმებოდა.
მისივე თქმით, ამ გეგმაში ერთ-ერთი პუნქტი ქართველი ჯარისკაცების მიერ როკის გვირაბის დაკავებისთვის ხელის შეშლას ითვალისწინებდა.
„ეს არის სიცოცხლის გზა, და ჩვენ მშვენივრად გვესმოდა, რომ თუ საქართველოს შეიარაღებული ძალები როკის გვირაბს დაიკავებდნენ, მაშინ მოვლენების განვითარების განჭვრეტა რთული იქნებოდა. ამ აზრს არ განვავრცობ. თქვენ თავადაც ხვდებით“, – აცხადებს „კომერსანტთან“ ინტერვიუში სერგეი ივანოვი.
ივანოვის განცხადებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემთხევაში, 2007 წლის გეგმის თანახმად, ომში წვევამდელები არ უნდა ჩართულიყვნენ.
როგორც ივანოვი ამბობს, ეს პირადად მისი მოთხოვა იყო. თუმცა, მისივე თქმით, ამის შესრულება ვერ მოხერხდა და 2008 წელს საბრძოლო მოქმედებებში წვევამდელებიც ჩაერთნენ.
„საქმე იმაშია, რომ სანამ ამ გეგმას ეძებდნენ, იღებდნენ სეიფიდან, სწავლობდნენ.. არადა მოქმედების დრო იყო, ამიტომ ამ ნაწილში გეგმა ვერ შესრულდა. ვაღიარებ, იყო კიდევ რამდენიმე შეცდომა, ამიტომ დავკარგეთ დიდი რაოდენობით ავიაცია“, – ამბობს ივანოვი.
მისივე თქმით, 2008 წელს რუსეთის დაზვერვამ სათანადოდ ვერ იმუშავა და რუსეთის მხრიდან დიდი დანაკარგი სწორედ ამით იყო გამოწვეული.
სერგეი ივანოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2001 წლიდან 2007 წლის თებერვლამდე იკავებდა. 2008 წლის ომის დროს ის ვიცე-პრემიერი იყო.