სერგეი გავრილოვი - რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ყველა მოლაპარაკება ჩაშლის საფრთხის ქვეშაა
რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ყველა მოლაპარაკება ჩაშლის საფრთხის ქვეშაა, – „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატი, რუსეთის სახელმწიფო დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.
გავრილოვის თქმით, მათ სხდომათა დარბაზი დაცვის სამსახურის საშუალებით დატოვეს. ახლა კი, დელეგაციის წევრები შეიკრიბებიან და განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება, გაგრძელდეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სერგეი გავრილოვი ასევე განმარტავს, რომ „დელეგაციის ვიზიტის წინა დღეს გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ომებში მონაწილეობდა“, რასაც გავრილოვი უარყოფს.