მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა ბოლო სამ წელიწადში პირველი ტიტული მოიგო. „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა ახალი ზელანდიის დედაქალაქ ოკლენდში საათსა და 36 წუთში მოუგო ფინალი თანამემამულე ჯესიკა პეგულას, რომელიც 82-ე ნომერია კლასიფიკაციაში. მატჩი ორი სეტი გრძელდებოდა – 6:3, 6:4.
პეგულამ პირველივე სეტის პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი, თუმცა, შემდეგ მეტოქის ერთი გეიმიც ვერ აიღო. თავის მხრივ, სერენა დომინირებდა მოწინააღმდეგის მოწოდებაზე, მაგრამ ბრეიკ-პოინტების რეალიზაცია არ უვარგოდა – 15 ასეთი შანსიდან მხოლოდ სამი გამოიყენა, თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად.
ტრიუმფმა ოკლენდში უილიამსს კარიერაში 73-ე ტიტული მოუტანა. ამერიკელი რეიტინგში ერთი საფეხურით ზემოთ აიწევს და მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი გახდება.