მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი მარტში აპირებს დიდ ჩოგბურთში დაბრუნებას. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ უილიამსის ფრანგმა მწვრთნელმა, პატრიკ მურატოგლუმ განუცხადა.
ირკვევა, რომ ერთ წელზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ, უმცროსი უილიამსი პირველად ინდიან უელსის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე ითამაშებს, რომელიც 5-18 მარტს გაიმართება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სექტემბერში, თავის პირველ შვილზე მშობიარობისას, უილიამსს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეექმნა. მშობიარობიდან მეორე დღეს, მას სუნთქვა გაუჭირდა, რადგან ფილტვებში თრომბი ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, მუდმივმა ხველებამ ძლიერი სისხლდენა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს აპირებდა, მაგრამ ცუდ ფორმაში ყოფნის გამო, კორტზე გასვლა გადაიფიქრა. წელს ამერიკელმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა – მან საკმაოდ იოლად წააგო საჩვენებელი შეხვედრა ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან.
აღსანიშნავია, რომ დაბრუნების მომენტში სერენას არ ექნება WTA-ში რეიტინგი. ასე რომ, მან ინდიან უელსის ტურნირის ორგანიზატორებს უაილდ ქარდი უნდა სთხოვოს.