როლან გაროსის მესამე სათამაშო დღეს ლეგენდარული ამერიკელის სერენა უილიამსის თამაში ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა. „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი, რომელიც, კლასიფიკაციაში 451-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, პირველ წრეში ჩეხ კრისტინა პლიშკოვას ხვდებოდა. ეს იყო ამერიკელის პირველი გამოჩენა კორტზე მარტის შემდეგ.
პლიშკოვამ, რომელიც 70-ე ნომერია კლასიფიკაციაში, სერიოზული გამოცდა ჩაუტარა სერენას. პირველ სეტში ჩოგბურთელები ძალიან კარგად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე – ერთადერთი ბრეიკ-პოინტი, რომელიც თან სეტბოლიც იყო, უილიამსს ჰქონდა მე-12 გეიმში, მაგრამ ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე პლიშკოვა 3:0 დაწინაურდა, მაგრამ სერენამ ზედიზედ ექვსი ქულა აიღო და მესამე სეტბოლზე მოიგო სეტი.
მეორე პარტია აბსოლუტურად განსხვავებული სცენარით წარიმართა: ათიდან ხუთ გეიმში იყო ბრეიკი. ჯერ ჩეხი დაწინაურდა და სერენამ უკუბრეიკი გააკეთა. შემდეგ, უილიამსი იგებდა და პლიშკოვამ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეშვიდე გეიმში ამერიკელის მიერ შესრულებული ბრეიკი. მართალია, პლიშკოვას ჰქონდა სამი ბრეიკ-პოინტი იმ გეიმში, რომელშიც უილიამსი მატჩზე აწვდიდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა – 7:6(4), 6:4 საათი და 47 წუთი ბრძოლის შემდეგ და სერენა მეორე წრეში ავსტრალიელ ეშლი ბარტის დაუპირისპირდება.