მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა გადაწყვიტა უარი თქვას ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. 36 წლის ამერიკელს მიაჩნია, რომ ჯერ მზად არ არის ასეთი დონის ჩემპიონატებში მონაწილეობაზე სექტემბერში გადატანილი მშობიარობის შემდეგ.
„საწყენია, მაგრამ გადავწყვიტე არ მივიღო მონაწილეობა ავსტრალიის ჩემპიონატში. აბუ-დაბიში თამაშის შემდეგ მივხვდი, რომ ახლოს ვარ საჭირო ფორმასთან, მაგრამ ჯერ არ მიმიღწევია იმ დონისთვის, რომლითაც უნდა დავბრუნდე კორტზე. არ მინდა უბრალოდ მონაწილეობა, მინიმუმ ფინალისთვის უნდა ვიბრძოლო. მომზადებისთვის კიდევ გარკვეული დრო მჭირდება“, – განაცხადა უილიამსმა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით კვირანახევრის წინ, სერენამ აბუ-დაბის საჩვენებელ ტურნირზე ითამაშა და იქ პირველივე მატჩი წააგო როლან გაროსის ჩემპიონთან ელენა ოსტაპენკოსთან – 2:6, 6:3, 5:10.